logo
ENG



ისრაელი უკრაინისთვის საკუთარი შეიარაღების გადაცემას დათანხმდა

18 ნოე 202211:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/18/ot2pke05186erab.png

ისრაელი უკრაინისთვის საკუთარი შეიარაღების გადაცემას დათანხმდა. ამის შესახებ Haaretz-ს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

დასავლური დიპლომატიური წყაროების თქმით, შეთანხმება უმაღლეს პოლიტიკურ ეშელონსა და იერუსალიმის უსაფრთხოების ძალებს შორის მიღწეული იქნა მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელს კიევისთვის დახმარების გაფორმება მოსთხოვა.

Haaretz-მა სამი ევროპელი ოფიციალური პირისგან შეიტყო, რომ შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე კვირის წინ მიმართა ისრაელის მთავრობას და "აიძულა იგი NATO-სა და დასავლეთის გაერთიანებაში რუსეთისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა."

გამოცემის ცნობით, ისრაელი დათანხმდა დააფინანსოს უკრაინის სამხედრო ოპერაციებისთვის ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების აუცილებელი "სტრატეგიული მასალები". 

გარდა ამისა, Haaretz-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის სამინისტრო დათანხმდა, რომ NATO-ს წევრებს, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, შეეძლოთ უკრაინას მიაწოდონ იარაღის სისტემები, რომლებიც შეიცავს ისრაელში დამზადებულ კომპონენტებს, როგორიცაა ელექტრო-ოპტიკური და ცეცხლის მართვის სისტემები.

Haaretz-ი წერს, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა, იაირ ლაპიდმა და თავდაცვის მინისტრმა, ბენი განციმ გადაწყვეტილება დაამტკიცეს. ლაპიდის ოფისმა და თავდაცვის სამინისტრომ ამ ამბავზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

* * *

20 ოქტომბერს უკრაინის მთავრობამ ებრაულ ორგანიზაციებს მიმართა, რომ უკრაინას ისრაელისგან თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებაში დახმარებოდნენ.

21 ოქტომბერს ისრაელის პრემიერმინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას არც შეიარაღებას და არც საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ გადასცემს.

27 ოქტომბერს ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა თქვა, რომ არსებობს შეზღუდვები, რომლებიც ხელს უშლის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას. მისი თქმით, ისრაელი მზად არის მიაწოდოს კიევს არალეტალური იარაღი.

"არსებობს იარაღი, რომლის საექსპორტო ვერსიაც კი არ გვაქვს. არის რაღაცები, რაც არ უნდა მოხვდეს ჩვენი მტრების ხელში. არის საიდუმლოებები, რომლებსაც ჩვენ ვერ გავამხელთ. მაგრამ სადაც შეგვიძლია უკრაინისთვის დახმარება, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ."- თქვა CNN-თან ინტერვიუში ისრაელის პრეზიდენტმა. 

9 ნოემბერს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განციმ განაცხადა, რომ ისრაელს უკრაინაში ექსპორტისთვის საჭირო შეიარაღების საკმარისი მარაგები არ აქვს - ასე ახსნა მან ისრაელის პოლიტიკა, არ გაუწიოს უკრაინას სამხედრო დახმარება.

"ჩვენი წარმოების მასშტაბები უფრო დაბალია, ვიდრე ექსპორტის საჭიროება. ჩვენ არ გვაქვს საკმარის პროდუქციის ბაზა [უკრაინის საჭიროებებისთვის]. თუნდაც პოლიტიკის ცვლილება გადაწყდეს, ჩვენი მხრიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების დაცარიელება შეუძლებელი იქნება." - განაცხადა განციმ.

 

 

 


close დახურვა